დინამო თბილისი
Thursday, June 24, 2010
გამოჩენილი ფეხბურთელები
სტადიონი
დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა,[8] იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.
მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.
პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, "ფეხბურთის კარუზოდ" წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.
მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილ
90-იანი წლები
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.
საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.
1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.
1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.
1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის ლინფილდი ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ კოპენჰაგენთან მატჩისთვის ემზადებოდა.
უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.
1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის გრევენმახერის (4:0, 2:2), ნორვეგიული მიოლდეს (2:1, 0:0) და მოსკოვის ტორპედოს (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ბოავიშტასთან მარცხდებიან (1:0, 0:5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო
80-იანი წლები
1981 წლის 13 მაისს დინამო თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს იენის კარლ ცაისს ამარცხებენ - 2:1.
ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამო კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.
1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ დინამო ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.
1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის დინამოსთან უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს..
70-იანი წლები
სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა დინამოში ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.
1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ტვენტესთან ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.
1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ატლეტიკოს ამარცხებენ, მერე კი ლისაბონის ბენფიკას და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან.
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დინამოს ყველაზე წარმატებული პერიოდი.
ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს დინამო ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის არარატს - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა დინამოს პირველად არგუნა ბროლის თასი.
1977 წელს თბილისის დინამო ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.
1978 წელს კი დინამო მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
იმ დროს დინამოში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ
Subscribe to:
Posts (Atom)