Thursday, June 24, 2010

80-იანი წლები


1981 წლის 13 მაისს დინამო თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს იენის კარლ ცაისს ამარცხებენ - 2:1.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამო კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ დინამო ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის დინამოსთან უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს..

No comments:

Post a Comment